ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა #1TVSPORT
ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ სასამართლოში უჩივლა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, – წერს გამოცემა RTL.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ბენზემა რადიკალური ისლამის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„როგორც ყველამ ვიცით, ბენზემას კავშირი აქვს მუსულმანურ საძმოსთან. ჩვენ ვუპირისპირდებით ამ ჰიდრას, რადგან, როგორც ჟილ კეპელმა (ფრანგი პოლიტიკოსი, ისლამისა და თანამედროვე არაბული სამყაროს სპეციალისტი) თქვა, ის ჯიჰადიზმის ატმოსფეროს ქმნის.

მე ვემხრობ იმ აზრს, რომ არსებობს ჯიჰადიზმის ატმოსფერო, კონცეპცია, რომელსაც მივყავართ რადიკალური ისლამისკენ. და არსებობენ ამ რადიკალური ისლამის მიმდევრები. ბენზემა უდიდეს ფეხბურთელად მიმაჩნია, პირადად მე არ მაქვს მის მიმართ არანაირი კითხვები. მაგრამ, როცა ბენზემა არაფერს ამბობს მასწავლებლების მკვლელობაზე, ჩუმადაა, როცა საფრანგეთში ისლამისტების ტერორისტული შეტევებია, ამის გამო ვწუხვარ, რადგან ის არა მარტო ფეხბურთელია, არამედ ადამიანი, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს“, – განაცხადა დარმანენმა.

ბენზემამ ეს ნათქვამი ღირსების შეურაცხყოფად მიიღო და სასამართლოს მიმართა. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, მინისტრს 12 ათასი ევროთი დააჯარიმებენ.

„აი, ასე სწირავენ ადამიანებს საყოველთაო სიძულვილისთვის. ამის გამო, სერიოზული პრობლემები ექმნებათ მათ ოჯახებს. ჩვენ თავად ვთესავთ საფრანგეთში განხეთქილებას, მაგრამ არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ ესმით ამგვარი გამონათქვამები.

ზოგიერთს სურს გააძევოს ბენზემა ქვეყნიდან. სხვები კი საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს იმის გამო, რასაც მათზე ლაპარაკობენ. ეს სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რის გამოც უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსი ეწოდება“, – კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას ფეხბურთელის იურისტმა.