ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 58 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილების კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 58 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი და ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.
„დაშავებული გადაყვანილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში. მოცემული მომენტისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სამედიცინო პერსონალი მაქსიმუმს აკეთებს, რომ მდგომარეობის პოზიტიური დინამიკით შეცვლა მოხდეს. დაახლოებით 12 ოჯახია დაზარალებული. პირველადი დაკვირვებით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირის მოხმარების გაუფრთხილებლობასთან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა.
ამასთან, როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დროულად უნდა მოხდეს.
„რაც შეეხება დაზიანების მასშტაბს, ექსპერტები მუშაობენ. შენობას რაიმე სერიოზული დაზიანება არ უნდა ჰქონდეს. საცხოვრებლად სავარაუდოდ ვარგისი იქნება. ზუსტად რამ გამოიწვია ეს ფაქტი, ამასაც გამოძიება დაადგენს. აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის ინსტიტუციასთან, რომ პერმანენტულად ხდებოდეს ობიექტების უსაფრთხოების კუთხით შემოწმება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში აფეთქება დღეს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.