ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქარელში, დევნილების კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შ​ინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა აფეთქება.

„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები.

ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.