ქალაქ ბასრაში, უცხოურ ნავთობკომპანიებში მომუშავე აშშ-ის მოქალაქეები ერაყის დატოვებისთვის ემზადებიან
გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ერაყში მყოფი ამერიკელები ქვეყნის დატოვებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში, კერძოდ, ქალაქ ბასრაში, უცხოურ ნავთობკომპანიებში მომუშავე ამერიკელები ერაყის დატოვებას აპირებენ.
როგორც ერაყელი მაღალჩინოსნები იუწყებიან, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ევაკუაცია ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე არ აისახება.
ცოტა ხნის წინ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის დაუყოვნებელი დატოვებისკენ მოუწოდა.
რამდენიმე საათით ადრე ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის, „ქუდსის ძალების“ ლიდერი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. აღნიშნულ ქვედანაყოფს ვაშინგტონი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.