აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და აშშ-ის მოქალაქეთა ევაკუაციას გეგმავს
აშშ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და აშშ-ის მოქალაქეთა ევაკუაციას გეგმავს

აშშ ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკონსულოს თანამშრომლებისა და აშშ-ის მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

უწყების განცხადებით, ვირუსის გავრცელების გამო, უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ რეისზე ლიმიტირებულ ადგილებს უხანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს. უწყების ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ამერიკელებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადების რისკჯგუფში შედიან.

სპეციალური რეისი სან-ფრანცისკოს მიმართულებით 28 იანვარს შესრულდება.

სწორედ 11-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქი უხანია ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი. ვირუსით გარდაცვლილი 56 პირიდან 52 უხანშია. ხელისუფლებამ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

მოსახლეობას ქალაქის დატოვება აეკრძალა. უხანში მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, აეროპორტმა და რკინიგზამ.