ჯო ბაიდენი - ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე აღმოვჩნდეთ
ჯო ბაიდენი - ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე აღმოვჩნდეთ

ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე აღმოვჩნდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ადმინისტრაციამ არჩეული გზის მეორე და მესამე რიგის შედეგები უნდა გაითვალისწინოს და აუცილებელია გრძელვადიანი ხედვა.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ირანელი გენერლის ლიკვიდაციას სახიფათო რეგიონში მასშტაბური ესკალაციური ნაბიჯი უწოდა.

„არც ერთი ამერიკელი არ იგლოვებს ყასემ სოლეიმანის სიკვდილს. იგი იმსახურებდა მართლმსაჯულებას ჩადენილი დანაშაულისთვის ამერიკული ჯარის და რეგიონში ათასობით უდანაშაულოს წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა ტერორს და დათესა ქაოსი. არავინ უარყოფს, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი სახიფათო რეგიონში. ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის მიზანია ირანის მიერ მომავალი თავდასხმების თავიდან აცილება, მაგრამ ამ მოქმედებას აუცილებლად ექნება საპირისპირო შედეგი. პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტის ჯოხი ჩააგდო დენთის კასრში. მას ევალება, აუხსნას ამერიკელ ხალხს სტრატეგია და გეგმა, რომ დაიცვას ჩვენი ჯარი და საელჩოს პერსონალი, ჩვენი ხალხი და ჩვენი ინტერესი, ჩვენი პარტნიორები, როგორც აქ, ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ირანი ნამდვილად უპასუხებს თავდასხმას. ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში. იმედი მაქვს, ადმინისტრაციამ მათ მიერ არჩეულ გზის მეორე და მესამე რიგის შედეგები გაიაზრა, მაგრამ ვშიშობ, ამ ადმინისტრაციამ არ აჩვენა დისციპლინა ან აუცილებელი გრძელვადიანი ხედვა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის დროშის ფოტო გამოაქვეყნა. ტრამპს რამე სახის კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა. გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთ გავლენიან გენერლად იყო ცნობილი.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა ყასემ სოლეიმანიმ გასცა.