ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ აშშ-ის დროშის ფოტოს აქვეყნებს
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ აშშ-ის დროშის ფოტოს აქვეყნებს

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის დროშის ფოტო გამოაქვეყნა. ტრამპს რამე სახის კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფ „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა. გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთ გავლენიან გენერლად იყო ცნობილი.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა ყასემ სოლეიმანმა გასცა.