ერაყში ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი მოკლეს
ერაყში ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი მოკლეს

ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გენერალი სოლეიმანი ავტომობილით ბაღდადის აეროპორტში, ადგილობრივ შიიტურ მილიციასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალების უპილოტო საფრენმა აპარატმა ცეცხლი გაუხსნა.

ირანელი გენერალი ერაყში ლიბანიდან ჩავიდა და აეროპორტის დატოვებას აპირებდა, როდესაც სატვირთო ზონასთან მისი ავტომობილი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. სოლეიმანის ორ ავტომობილს რამდენიმე რაკეტა ესროლეს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ასევე მოკლეს ერაყის შიიტური მილიციის ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ირანელი გენერლის მკვლელობას ადასტურებენ აშშ-შიც. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმის ბრძანება უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

„თავდასხმა მიზნად ისახავდა ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას. აშშ მიიღებს ყველა საჭირო ზომას მთელ მსოფლიოში მისი მოქალაქეებისა და ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა ყასემ სოლეიმანმა გასცა.