პროკურორი - დამატებით მტკიცებულებებად წარვადგენთ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას
ჩვენ წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს, რომელშიც არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„წარვადგენთ შუამდგომლობებს ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად წარვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას. მაგალითად იმ განცხადებებს, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოა ტერიტორია და ის მონაკვეთები, რომლებსაც ჩვენ ბრალდების მხარეს ვედავებით, არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. ეს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებია და ამას ჩვენ, როგორც მტკიცებულებებს ისე წარვადგენთ, ვინაიდან, ასეთი ფორმით გაკეთებული განცხადებები შესაბამისობაშია ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომლებიც დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობების საკითხს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების 99 პროცენტი არის ასლი ჩვენი მტკიცებულებებისა, შესაბამისად, თუ დაცვა დააყენებს შუამდგომლობას ჩვენი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ საკუთარი მტკიცებულებების დაუშვებლობასაც დააყენებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა: „ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს“.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.
ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.