ივერი მელაშვილი - ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს
ივერი მელაშვილი - ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს

სამწუხაროდ, მთელ ამ საქმეში, მთელ ამ სიბინძურეში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება და ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ვაფუჭებთ ურთიერთობას, – ამის შესახებ ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, არის მიზანმიმართული.

„თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.