პროკურორის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელმა წარადგინა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ არასამთავრობოების მიერ მითითებულ პერიოდში სოსო გიორგაძე საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორი თანამშრომელი დაიკითხა, საიდანაც ერთმა აღნიშნა, რომ თათბირი, სადაც შეიძლებოდა მსგავსი უკანონო ბრძანებები გაცემულიყო, არ ჩატარებულა.
„დღეს დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნენ მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების მერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში. ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ რაიმე თათბირი, სადაც შესაძლოა, უკანონო ბრძანებები გაცემულიყო, არ ჩატარებულა.
რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, მისი ჩვენებიდან ირკვევა და ეს ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომ აღნიშნული პირი დროის ამ პერიოდში ქვეყანაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად ის ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიზე გამართულ ვერანაირ თათბირში. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა კონკრეტული დოკუმენტაცია“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ამასთან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰკითხეს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაზე სამივე მათგანმა უარი თქვა.
ამირან გულუაშვილის თქმით, არასამთავრობოების წარმომადგენლები აპელირებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონზე და სწორედ ამ მოტივით განაცხადეს უარი აღნიშნული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამჟღავნებაზე.
„მათ ასევე განემარტათ, თუ ფიქრობენ, რომ ინფორმაციის მიმწოდებელ პირს შეიძლება საფრთხე შეექმნას, საგამოძიებო უწყება მზად არის, პირი ჩასვას მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. ამის მიუხედავად, მათ მაინც უარი თქვეს ინფორმაციის გამჟღავნებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავებისგან მოითხოვენ დროულ რეაგირებას, ჭეშმარიტების დადგენას და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, რაც ფაქტობრივად რთულდება იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ აწვდის ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე“, – განაცხადა პროკურორმა.
ამირან გულუაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი არ არის იმ პირთა ჩამონათვალში, რომელსაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება, შესაბამისად, პირი, რომელსაც მსგავსი თანამდებობა უკავია, ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
„აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება, ასეთები არიან: ადვოკატი, სასულიერო პირი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ჟურნალისტი და სხვა. მითითებული ჩამონათვალი ამომწურავია და მასში არ არის დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამდენად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოწმეს, საგამოძიებო ორგანოს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია“, – განმარტა პროკურორმა.
პროკურორის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩვენებები ზოგადი იყო. მისივე თქმით, მოწმეების ინფორმაცია გადამოწმდება და საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება.
„მოწმეთა ჩვენებები, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, იყო ზოგადი, ისინი, ფაქტობრივად, იმეორებდნენ იმ ტექსტს, რაც საჯაროდ იქნა გავრცელებული. მათ გამოძიებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. გამოძიებას არ მიაწოდეს ინფორმაცია უშუალოდ წყაროსთან დაკავშირებით, ასევე ვერ დაასახელეს, კონკრეტულად სად ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, რომელზედაც მათი ინფორმაციით, გაიცა შესაძლო უკანონო დავალებები. შესაბამისად, მათი ჩვენებები არის ზოგადი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაექვემდებარება შემოწმებას, ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურას უთხრეს, რაც განცხადებაში უწერიათ და საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მათგანმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.