პროკურორი - მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში ჯერ არ ვედავებით
პროკურატურა მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებას ამ დროისთვის არ ედავება, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურორის განცხადებით, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება.
ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერ მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში.
გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება.
რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.