პროკურორი - ხორავას ქუჩის საქმეზე ზვიად კუპრავამ შსს-ში არ წარმოადგინა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული ჩანაწერების დედანი
ხორავას ქუჩის საქმეზე ზვიად კუპრავამ შსს-ში არ წარმოადგინა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული ჩანაწერების დედანი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ზვიად კუპრავას ტელეფონით ჩანაწერის გარდა, ფურცელზე ხელნაწერებიც გააჩნდა, რომელიც ასევე არ წარმოადგინა.
„ზაზა სარალიძე რატომ საუბრობს ასე, თითქოს არ მივაქციე ჩანაწერებს ყურადღება არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. გეტყვით, რეალურად როგორც იყო. ბატონი კუპრავა დაბარებული იყო შსს-ს პოლიციის დეპარტამენტში და შევთავაზეთ, რომ ის ჩანაწერები, რომელიც ეთერში გავიდა, რეალურად წარმოედგინა. ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა და შემდეგ ტელეფონი ზაზა სარალიძეს გადასცა. როდესაც სარალიძემ დაუბრუნა ტელეფონი, სახლში წაიღო, სადაც დაზიანდა. თქვა, რომ ახლაც სახლშიაო. ჩვენ მარტო ჩანაწერებზე რატომ ვამახვილებთ ყურადღებას. ასევე კუპრავა ხსენებულ არასრულწლოვნებთან შეხვედრისას ხელნაწერებს აკეთებდა, ანუ თაბახის ფურცელზე ბავშვებთან გასაუბრების ამსახველ მონაცემებს ინიშნავდა. თვითონ ამბობს ამას, ფურცელზე ვინიშნავდი მნიშვნელოვან გარემოებებს და ესეც სახლში მაქვსო. ეს ყველაფერი საქმის მასალებში დევს. პროკურატურის ხელმძღვანელობის ქვეშ გადიოდა ყველაფერი.
შემდეგ მეორედ გამოვკითხეთ, ოფიციალურად ესეც საქმეში დევს. კუპრავას შევთავაზეთ, გამოძიების ხელის შეწყობის მიზნით წარმოედგინა ის დაზიანებული ტელეფონი, რამეთუ შესაძლებელი იყო ტელეფონზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა. ტელეფონი შეიძლება დაზიანებულია, მაგრამ შესაძლებელია, მასზე არსებული ინფორმაცია ექსპერტებმა გადმოწერონ. განვუმარტეთ. მცირეწლოვან შვილს დააბრალა, შვილს მივეცი და სად წაიღო, არ ვიციო. ჩვენ პირველწყარო გვინდოდა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იდენტიფიკაცია მოახდინო. ფაქტობრივად, აღმოჩნდა ისე, რომ ტელეფონი ზვიად კუპრავას აღარ ჰქონდა. შემდეგ ხელნაწერებზე ვკითხეთ. ხელნაწერებზეც განაცხადა, რომ არ იცის, სად წაიღო. ერთი სიტყვით, არ წარმოადგინა არც ტელეფონი, არც ხელნაწერები.
არ იფიქროთ ისე, რომ ჩანაწერების მოძიებაზე მხოლოდ ზვიად კუპრავაზე ვიყავით დამოკიდებული. მივწერეთ 16 მარტს ერთ-ერთ ტელეკომპანიას, რომლის ეთერშიც გავიდა ჩანაწერები. თავიდან ვერ მივიღეთ პასუხი. მხოლოდ მასალის დედანი გვინდოდა. დაახლოებით ორ კვირაში მხოლოდ და მხოლოდ ეთერში გასული რეპორტაჟი გადმოგვეგზავნა. იქიდან ხმის იდენტიფიკაცია ძალიან პრობლემატურია“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.