პროკურორი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ორივე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს
პროკურორი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ორივე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს

ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე გაიზიარებს ბრალდების პოზიციას და ორივე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა.

„დაცვის მხარემაც დაასრულა დასკვნითი სიტყვა, რის შემდეგაც გადავედით რეპლიკების ეტაპზე. ორივე მხარემ წარმოგვიდგინა რეპლიკები და ასევე, ბრალდებულებმა თქვეს საბოლოო სიტყვები. დღეს ამით დასრულდა საქმის განხილვა, გადაიდო ხვალისთვის, ჩატარდება 31 მაისს 11:00 საათზე, მოსამართლე გამოაცხადებს განაჩენს“, – განაცხადა პროკურორმა.

მარიკა გოგოხიას თქმით, ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ ორივე ბრალდებულს სასამართლო დამნაშავედ ცნობს.

„რაც შეეხება უშუალოდ ბრალდების მხარის მოლოდინებს, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებიდან, ექსპერტიზის დასკვნიდან, ნივთიერებითი და წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომ მოსამართლე გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ორივე ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – ამბობს პროკურორი.

ამასთან, მისი განმარტებით, არ გამოვლენილა კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც უშუალოდ საქმის შედეგზე მოახდენს გავლენას.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი ხვალ გამოცხადდება.