ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალ, 11:00 საათისთვისაა დაგეგმილი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალ, 11:00 საათისთვისაა დაგეგმილი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების გამოცხადებას ხვალ, 11:00 საათისთვის გეგმავს.

პროკურატურამ და დაცვის მხარემ პროცესზე დასკვნითი კითხვები უკვე წარმოთქვეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი  სიტყვიერი  შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც  ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ.ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ.დ, ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიერ.
„ჩადენილი დანაშაულისათვის გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ)“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.