პროკურორი - გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ არ ახსოვს „თიბისი ბანკის“ არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები
გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს ვერ გასცა პასუხები, არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც „თიბისი ბანკის“ შემოწმების შედეგები, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი ქადაგიძის დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ქადაგიძემ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
ტყეშელაშვილის თქმით, მასთან კითხვები როგორც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესთან, ასევე შემოწმების შედეგთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გვქონდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან, შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს სასამართლოში დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ ქადაგიძემ აღნიშნა, საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის.