პროკურორი - ბრალდების დადგენილების თანახმად, ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი
პროკურორი - ბრალდების დადგენილების თანახმად, ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი

ბრალდების დადგენილებაში გვაქვს, რომ ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თაღლითობის კვალიფიკაციაზე, რომელი ქმედებითაც ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“, ხანდაზმულობა არის გასული.

„ბრალდების დადგენილებაში გვაქვს, რომ ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი. ის მდგომარეობს იმაში, რომ თაღლითობაზე, რომელი ქმედებითაც ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“ – ამ კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობა არის გასული. ჩვენ თაღლითობის კვალიფიკაციით არ ვედავებით ბრალდებულებს, ვინაიდან ხანდაზმულია და შესაბამისად, ამიტომ არ არსებობს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორმა სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლითაც, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. მათვე აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ გაიზიარა, რომ საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. ესე იგი, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ზუსტად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. ვგულისხმობ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.

რაც შეეხება დაზარალებულს, ბრალდების დადგენილებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული, რომ აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“. შესაბამისად, ვის მიადგა ზიანი, ეს უკვე თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი. სასამართლოზე სწორედ ეს პოზიცია გაჟღერდა“, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.