პროკურორი - დღევანდელ სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურეს
პროკურორი - დღევანდელ სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურეს

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, მოწმე პაატა ღაძაძის ჩვენებით დადასტურდა, რომ „მარტელო გრუპის“ ერთადერთ წარმომადგენლად ბანკში სწორედ ის იყო.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღევანდელ სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ბრალდების მხარის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

პაატა ღაძაძის ჩვენებით დადასტურდა, რომ „მარტელო გრუპის“ ერთადერთ წარმომადგენლად ბანკში პაატა ღაძაძე იყო დაფიქსირებული. თუმცა, როცა ოფშორული კომპანია თანხას არ იხდიდა, არავინ დაკავშირებია ბანკიდან და პასუხი არ მოუთხოვია, თუ რატომ არ ხდებოდა თანხების გადახდა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ასევე იპოთეკარები.

„ისინი საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმეები იყვნენ. ერთ-ერთი იპოთეკარის ჩვენებით დადასტურდა, რომ იპოთეკით ქონების დატვირთვა „სამგორი ჯგუფის“ სასარგებლოდ იმთავითვე ბადრი ჯაფარიძის თხოვნით მოხდა. საბოლოოდ, როცა 2012 წელს გამოჩნდა ოფშორული კომპანია და კომპანიამ ფაქტობრივად მოთხოვნის გარეშე დატოვა „თიბისი ბანკი“, ამ ოპერაციითაც სარგებელი ნახა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. ვინაიდან ის თანხა, როცა ეს მიწის ნაკვეთი გამოთავისუფლდა და რეალიზაცია მოხდა, იმ კომპანიაში შეიტანეს, სადაც საკმაოდ დიდ პროცენტულ წილს ფლობდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამის შემდეგ დაიკითხა ნოტარიუსი, რომლის ჩვენებითაც დადასტურდა, რომ ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმება „თიბისი ბანკის“ შენობაში მოხდა. შესაბამისად, ეს გარემოება ადასტურებს, რომ ოფშორული კომპანიის მოძიება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით განხორციელდა.

ბანკის თანამშრომლების ჩვენებებით დადასტურდა, რომ სესხის გაცემის დროს ბანკმა არ იცოდა, რომ ამ სესხების გადასესხება უნდა მომხდარიყო მამუკა ხაზარაძესა და ბადრო ჯაფარიძეზე და ეს მათთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი“, – განაცხადა პროკურორმა.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეზე პაატა ღაძაძე მოწმის სტატუსით  დღეს დაიკითხა.