პროკურორი - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებად არ არის დაშვებული, თუმცა, როგორც მოსაზრება, საქმეზე არის დართული
პროკურორი - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებად არ არის დაშვებული, თუმცა, როგორც მოსაზრება, საქმეზე არის დართული

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებად არ არის დაშვებული, თუმცა, როგორც მოსაზრება, საქმეზე არის დართული, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დაერთო საქმის მასალებს, ვინაიდან პროკურორებმა იშუამდგომლეს, რომ ეს საქმის მასალები, ეს დასკვნა დართვოდა საქმეს და ეს ასეც მოხდა.

„ეს არის სამართლებრივი ნიუანსი, ეს დოკუმენტი იქნებოდა როგორც მტკიცებულება,თუ როგორც მოსაზრება, თუმცა გიდასტურებთ, რომ როგორც მტკიცებულება არ არის დაშვებული, თუმცა, როგორც მოსაზრება საქმეზე არის დართული. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლება გაეცნოს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას.

შეგახსნებთ, რომ ამ დასკვნით დასტურდება ის, რომ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მოსაზრებას აქვს და ექნება ის ძალა, რომ ამ დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ დევნა, რომელიც დაწყებულია ბრალდებულების მიმართ, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ დასკვნას ნახავს მოსამართლე, ვინაიდან საქმეზეა დართული და შესაბამისად, შეექმნება შინაგანი რწმენა ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, რომ ჩვენ თითქოს მხოლოდ თანხების გადარიცხვას ველოდებით, ეს ასე არ არის. გიდასტურებთ, რომ საბანკო ოპერაციები, თუ ეს ხდება ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობით, ეს არ წარმოადგენს დანაშაულს,მთავარია, ამას წინ არ უძღოდეს დანაშაული და ეს თანხა არ იყოს უკანონო.

ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარე, შეკრებილი მტკიცებულებებით ვადასტურებთ, რომ თავიდან მოხდა თაღლითობა, კერძოდ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ თანხებს და ზუსტად ამის შემდგომ მოახდინეს ეს ოპერაციები. ამ შემთხვევაში, ეს საერთაშორისო პრაქტიკითაც თუ თანხა არის დანაშაულებრივი და ამ თანხის მიმართ მოხდება ის ტრანზაქციები, რაც საბოლოო ჯამში განახორციელეს ბრალდებულებმა, ეს წარმოადგენს ზუსტად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ზუსტად ამაშია დანაშაულის არსი და მნიშვნელობა“, – განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო. მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორი უცხოელი ექსპერტი სასამართლოზე არ დაიკითხება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის  საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ მაღალი ინსტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომელიც მათთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.