მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბრისთვის გადაიდო
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბრისთვის გადაიდო

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბრისთვის გადაიდო.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, სასამართლო სხდომა, რომელიც 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო, სწორედ დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო.

ამასთან, კორძაძის თქმით, დაცვის მხარემ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლის გასაჯაროებასაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გეგმავს, რომელიც წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე გაიმართება. ჟურნალისტების საპასუხოდ, კორძაძემ განაცხადა, რომ რაც შეეხება მუქარის წერილს, რომელიც ბრალდებულების მტკიცებით შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს, მასზე ლონდონში ექსპერტიზა გრძელდება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე.