პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი - ხაზარაძეს ჰქონდა უსუსური მცდელობა, თავისი ქმედებები გაემართლებინა, ბოლო ეტაპზე ვართ, მიგვაჩნია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი - ხაზარაძეს ჰქონდა უსუსური მცდელობა, თავისი ქმედებები გაემართლებინა, ბოლო ეტაპზე ვართ, მიგვაჩნია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროცესზე მამუკა ხაზარაძეს უსუსური მცდელობა ჰქონდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები გაემართლებინა.

მისივე თქმით, მან ბრალდების მხარის კრიტიკულ კითხვებს პასუხები ვერ გასცა.

„დღეს დაიკითხა ბრალდებული ხაზარაძე. მას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ რაღაც ფორმით გაემართლებინა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდა. ბრალდების მხარის ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე პასუხები არ ჰქონდა და ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე ამბობდა, რომ არ ახსოვს ან იტყუებოდა. როდესაც შევუპირისპირებდით ფაქტებს, შემდეგ სიმართლის თქმა უწევდა.

მას ყველა კითხვაზე არ ჰქონდა პასუხები და პროკურორების მიმართ თავდასხმაზე გადმოდიოდა, ცდილობდა, სასამართლო პროცესი ქუჩურ გარჩევას დაემსგავსებინა. კითხვაზე, რა ვითარებაში მოეწერა ხელი და მოაწერა თუ არა მან სესხის გადაკისრებას, როდესაც შემოიყვანეს ფაქტობრივად ოფშორული ფირმა და ბანკი დატოვეს ანულირებული, თავიდან აცხადებდა, რომ მოაწერა. როდესაც წარვუდგინე ხელშეკრულება და ნახა, მისი ხელმოწერა არ იყო, დარწმუნდა, რომ ტყუილი განაცხადა სასამართლოზე. ასევე იყო ვალთან დაკავშირებული შეკითხვები, მათ შორის, დღეს ვის მიმართ აქვს დავალიანება. გამოძიების პროცესში აცხადებდა, რომ ავთანდილ წერეთლის მიმართ აქვს დავალიანება, დღეს კი შეცვალა ჩვენება და განაცხადა ტყუილი, თითქოს მას სესხი გადახდილი აქვს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ბოლო ეტაპზეა და მომდევნო სხდომაზე  ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს. პროკურორი იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ბოლო ეტაპზე ვართ გასული. წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები. მომდევნო სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდებულები. ჩვენ წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რასაც ბრალდება ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს სწორ, სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.