საპროცესო შეთანხმებით, გიორგი ონიანი სასჯელის ორ წელს პატიმრობაში, ორ წელსა და ექვს თვეს კი პირობითი მსჯავრით მოიხდის
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, გიორგი ონიანთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. მისი განმარტებით, საპროცესო შეთანხმების თანახმად, ონიანი სრულად აღიარებს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს. პროკურორის თქმით, გიორგი ონიანი ორ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ორი წელი და ექვსი თვე განესაზღვრება პირობითი მსჯავრი.
„კონკრეტულად კი გიორგი ონიანმა დაადსტურა რომ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ნიშნით მოახდინა დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის დევნა, გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება, როგორც გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, უკანონოდ დააკავა ისინი და მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიცირება. რაც შეეხება სასჯელზე შეთანხმებას, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა არ შეიცვლება, შეიცვლება სასჯელის მოხდის წესი, ნაცვლად სრულად თავისუფლების აღკვეთისა, გიორგი ონიანი ორ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ორი წელი და ექვსი თვე განესაზღვრება პირობითი მსჯავრი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობა ვერ წარადგინა, ვინაიდან დაცვის მხარემ დასვა კითხვა, რამდენად პროპორციული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაზე წარდგენილი სასჯელი.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რათა დაცვის მხარეს შემდგომში სრულყოფილად გაეცეს პასუხი მის პოზიციაზე, სასამართლო სხდომაზე გიორგი ონიანმა უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მოსამართლის წინაშე აღიარა წარდგენილი ბრალდება და დაეთანხმა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რაც მოცემული არის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში“, – განაცხადა პროკურორმა.
პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილ თანამშრომელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ონიანს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გასული წლის ნოემბერში გამოუტანა. მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. ონიანი წარდგენილ ოთხივე მუხლში გაამტყუნეს. საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე.
გიორგი ონიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 აპრილს ჩაინიშნა.