პროკურორი - ფონდის თანხებით პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ
პროკურორი - ფონდის თანხებით პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ

პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, გამოძიების ინტერესები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მისივე განცხადებით, ნაწილ კითხვებზე გამოძიებამ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.

„რამდენიმე ნაწილს დამაჯერებლობა აკლდა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნისას ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, ასევე ფონდის თანხებით არის ანაზღაურებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.  ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხები არ ყოფილა“, – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, დაკითხვამ ჩაიარა კორექტულად, საქმიან ვითარებაში.

პროკურორის განცხადებით, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის გამოკითხვაზე პარტიისთვის თანხების გადაცემის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

მისი განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაისვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, რაც უკავშირდება პაატა ბურჭულაძის ფონდში 2006 -2016 წლის ჩათვლით პერიოდში საქმიანობას.

კითხვაზე, დაიხურება თუ არა ფონდის საქმის გამოძიება, მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ პასუხები არადამაჯერებელი იყო ფონდის შემოწირულობების, ფონდის საქმიანობასა და შემოწირულობების მიზნობრიობაზე, ასევე ფონდის მხრიდან ქონებრივ გადაწყვეტილებებზე.
„ შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯების და შემდგომი სამართლებრივი შედეგების. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გაანალიზდება ყველა მტკიცებულება, რომელიც საქმეშია და მიეცემა შესაბამისი შეფასება, მათ შორის რამდენად მიზნობრივად იყო გახარჯული ფონდ „იავნანას“ კუთვნილი თანხები, ვისი საქმიანობის შედეგად განხორციელდა ესა თუ ის ქმედება და შესაბამისი შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა პაატა ბურჭულაძის განმეორებითი დაკითხვა საჭირო, პროკურორმა განაცხადა, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კვლავ გასცემს პასუხს ყველა კითხვას.

„ასეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, დადგეს მოწმის ისევ დაკითხვის აუცილებლობა“,  განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.