პაატა ბურჭულაძე - ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელია, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, რათა ხალხმა აირჩიოს თავისით
პაატა ბურჭულაძე - ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელია, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, რათა ხალხმა აირჩიოს თავისით

ამ მთავრობის ხელში 9 აპრილი შეიძლება, თავიდან გვქონდეს გასავლელი, – განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „ფორმულას“ ეთერში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან ჩართვისას.

მისი თქმით, ხალხმა გამოიღვიძა და დღევანდელ აქციაზე ყველა თაობის წარმომადგენელი მივიდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა, როგორც იქნა, გამოიღვიძა და ყველამ უკვე ნათლად დაინახა, თუ საით მიგვათრევს ჩვენ დღევანდელი ე.წ. მთავრობა. სასტიკი 30 წელი, რაც ქართველებმა გამოვიარეთ, თუნდაც 9 აპრილი, ამ მთავრობის ხელში ეს 9 აპრილი შეიძლება, თავიდან გვქონდეს გასავლელი, რადგან უკან დაგვაბრუნეს უკვე და ღიად გვეუბნებიან, რომ ქართული ღირსება არაფერი არ არის, თურმე უკრაინა ომს აგებს და ჩვენი ხსნა ალბათ არის ისევ რუსეთისკენო. ამიტომაც ყველა გამოფხიზლდა და მიხვდა, თუ საითკენ მიდის ჩვენი გზა და ხალხი გამოვიდა ამ სიცივეში. დღეს, აქ ყველა თაობის წარმომადგენელია, ეს მახარებს. უკვე ყველამ ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი – ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს შიდა მტერს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მთელი წელი არაფერი გაუკეთებია, უკრაინელი ხალხისა და ჯარის დაკნინების გარდა და ამიტომ ომის დაწყების წლისთავზე უკრაინაში ჩასვლა მათთვის ძალიან ძნელი იქნებოდა.

„ქართველი გმირები იქ ომობენ, უკრაინელები იქ ომობენ ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ აქ უნდა მივხედოთ ყველაფერს, აქ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს. ეს ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელები არიან. მათ ძალიან ბევრი ავნეს უკვე ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას და ხალხის ხელში უნდა გადავიდეს ძალაუფლება. ისინი არ არიან არჩეულები; არც პრეზიდენტი გვყავს არჩეული, არც მთავრობა. ყველა გვყავს დანიშნული. ამიტომაც უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, რათა ხალხმა აირჩიოს თავისით. ჩვენ რომ გვყავდეს დღეს არჩეული მთავრობა, სულ სხვანაირად იქნებოდა საქმე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.