ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძის ბრალდებას უპასუხა - ბედნიერი ვიქნები, თუ იმღერებს ჩემს თეატრში, თუმცა პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს არ შევხვდებოდი
ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძის ბრალდებას უპასუხა - ბედნიერი ვიქნები, თუ იმღერებს ჩემს თეატრში, თუმცა პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს არ შევხვდებოდი

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ბრალდებას, რომ თეატრში არ შეუშვეს.

„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის“, – განაცხადა ირინა ლომინაძემ.

ლომინაძის თქმით, ტელეფონით შეატყობინეს, რომ პაატა ბურჭულაძეს მისი გაცნობა სურდა.

„ტელეფონზე ვუპასუხე, რომ პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს, უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდესმე იმღერებს ჩემს თეატრში; თუმცა, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებოდი. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. არ ვცემ პატივს იმ პარტიას, რომლის გვერდითაც პაატა ბურჭულაძე დგას. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს და არა მომღერალ პაატა ბურჭულაძეს.

როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ დასთან შეხვედრა უნდოდა, მე ამის უფლება მქონდა, ეს დამეშალა? ეს როგორ შეიძლება? მე მუსიკოსი ვარ და ვიცი, პაატა ბურჭულაძის წონა, ვიცი, ვინ არის. შეხვედრა თუ უნდოდათ, რატომ არ გამაფრთხილეს წინა დღით? ექვსი წელია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, ხშირად ყოფილა პაატა ბურჭულაძე ჩამოსული და არ შემოუხედავს ჩემს თეატრში, ბატონი პაატა მოსული იყო პოლიტიკური მოტივით“, – განაცხადა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობილმა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს: „ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, – წერს ბურჭულაძე „ფეისბუქში“.