პროკურორი - ბუტა რობაქიძის საქმის შემდგომ ეტაპებზე შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხოს
პროკურორი - ბუტა რობაქიძის საქმის შემდგომ ეტაპებზე შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხოს

ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილი მხარეთა დასაკითხ პირთა სიაშია შეყვანილი, შესაძლოა, შემდგომ ეტაპებზე ის მოწმის სახით დაიკითხოს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჯერჯერობით სხვა მოწმეების, კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს“, – განაცხადა ნეფარიძემ.

რობაქიძის საქმის პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ქეთი ხოსიტაშვილი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, მაგრამ მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომლის შესახებაც ია მეტრეველმა პირველი არხის ეთერით განაცხადა.

„შესაბამისად, ალბათ კითხვა ქეთი ხოსიტაშვილს მიემართება, თუ ის ასეთ ინფორმაციას ნამდვილად ფლობს, ამის შესახებ სასამართლოს რატომ არ განუცხადა“, – განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, ია მეტრეველმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ჩართვა მოითხოვა და განაცხადა, რომ როდესაც გურამ დონაძე თავის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ფირს ამონტაჟებდა, იქ იყო მისი გადაცემის, „პატრულის“ მთავარი პროდიუსერი ქეთი ხოსიტაშვილი, რომელიც შეესწრო, თუ როგორ დაურეკა ირაკლი ოქრუაშვილმა გურამ დონაძეს.

„ქეთი ხოსიტაშვილს ესმოდა, როგორ მიმართავდა დონაძე ოქრუაშვილს – გისმენთ, ბატონო ირაკლი. საუბრის შემდეგ დონაძეს ძალიან აღელვებული სახით, შეშფოთებულს უთქვამს, ვაიმე, რაღა ვქნა, ფირს მთხოვსო. ამის შემდეგ ის გავიდა, ამოიღო როგორც ჩანს, ნამდვილი ფირი, რომელიც პირველად გადაიღეს და ოფისიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. ანუ, სავარაუდოდ ოქრუაშვილთან წავიდა. ქეთი ხოსიტაშვილმა ეს ყველაფერი სოსო რობაქიძეს მოუყვა, ფურცელს ხელი მოაწერა და დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი მონათხრობია. ჩანაწერი სოსო რობაქიძეს აქვს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.