ია მეტრეველი - დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, დავასრულოთ ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
ია მეტრეველი - დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, დავასრულოთ ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, დავასრულოთ ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

ია მეტრეველის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მისასვლელად ბევრი ადამიანი ემზადება.

„ძალიან ბევრი ხალხი ემზადება დღეს, ხუთ საათზე თავისუფლების მოედანზე მოსასვლელად, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, მაინც დაგვჭირდა, შევიკრიბოთ არჩევნების წინ, რადგან ეს „ნაციონალური“ „კრიმინალური მოძრაობა“, მე სექტას ვეძახი, ანომალიური პარტია, არ გვაცლის, ჩატარდეს არჩევნები ნორმალურად.

ისინი პროვოკაციებზე არიან გადასული და არაერთხელ ვნახეთ მათი პროვოკაციული ქმედებები სააკაშვილთან ერთად. სწორედ ამიტომ, დღეს ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რომ სრულიად საქართველოს ვაჩვენოთ და უდიდესი ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ამ ბოროტ ძალას ადგილი აღარ უნდა ქონდეს ჩვენს ქვეყანაში; ის, რომ ისინი დამარცხდებიან მეორე ტურში საბოლოოდ და უნდა აიკძალონ; აუცილებლად დავსვამთ საკითხს, რომ ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, უნდა იყოს აკრძალული, რადგან აქვთ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ბოროტებები ხალხის, ოჯახებისა და ქვეყნის წინაშე.

ყველანაირად ცდილობენ, გაუფუჭონ საქმე ქვეყანას, ხალხს; წინ არ წავიდეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ პროგრეს, ყველაფერს, ასეთი მტერი საქართველოს, როგორიც არის სააკაშვილის სექტა და მისი მხარდამჭერები, არ ჰყოლია.

მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს – დღეს, ხუთ საათზე ვიყოთ ყველა იქ, სადაც აუცილებელია ჩვენი ყოფნა. ამის შემდეგ დავამარცხებთ მათ 30 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ უდნა დაიწყოს ქვეყნის პროგრესზე ზრუნვა.

ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი დღეა დღეს და აუცილებელია ბევრნი ვიყოთ, რათა დავანახოთ, საქართველო სად არის და საქართველო რომ ვართ ჩვენ და არა ის 5 000 კაცი, მათი მომხრე. 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება და დავასრულოთ ეს ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – განაცხადა ია მეტრეველმა ბრიფინგზე.

ია მეტრეველმა კომენტარი გააკეთა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი.

„უკვე ძალიან დავიღალეთ ყოველ წუთს და მთელი დღე ინფორმაციით იმის შესახებ, როგორ არის მიხეილ სააკაშვილი. მიმაჩნია, რომ არანაირად არ შიმშილობს, გადასხმასაც კარგად იღებს, მედიკამენტებსაც იღებს, ასევე თაფლითა და წვენებით იკვებება მშვენივრად. ეს არ არის შიმშილობა. კონსილიუმი შედგა, არაფერი მას არ სჭირს, არც სასიკვდილო და არც ცუდად ყოფნის. ასე რომ, სადაც ბრძანდება, იქ უნდა იყოს. მადლობა თქვას, რომ იმ პირობებში არ არის, რა პირობებშიც თვითონ ჰყავდა ხალხი. არაფერი არ სჭირს მას, რას ჰქვია, კიდევ აქეთ ულტიმატუმებს რომ აყენებს, სამოქალაქო საავადმყოფო უნდა, შესანიშნავი პირობებია. ციხის საავადმყოფო აჩვენეს გუშინ, გადასარევი პირობებია. ასე რომ, სადაც ბრძანდება, მადლობა თქვას და მოიხადოს ის, რაც ეკუთვნის. არავითარი გადაყვანა არ სჭირდება.

რას ჰქვია, ეს უნდა თუ ის უნდა. რას წარმოადგენს. უამრავი პატიმარია, რომელსაც მაგდენი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და მაშინ ყველას შეუსრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც საკანში ითხოვენ, რით არის პრივილეგირებული, რომ დააქცია ქვეყანა და ამოწყვიტა ოჯახები? არავის აინტერესებს მისი მოთხოვნები და ის რაღაც მისი ორი კინკილა მომხრე და მისი ადვოკატები რასაც ამბობენ, ეს არაფერს ნიშნავს. მან უნდა მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის. მას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის და არა ექვსი წელი. უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რაც დააშავა ერისა და ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

თავისუფლების მოედანზე დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.