ია მეტრეველი - ხვალ, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს
ია მეტრეველი - ხვალ, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს

ვრცელდება ხმები მიშა სააკაშვილის შეწყალებისა და გათავისუფლების თაობაზე, რაც არის ჩვენთვის საშინლად მიუღებელი და წარმოუდგენელი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა განაცხადა, ხვალ, 15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.

ია მეტრეველმა ბრიფინგი გამართა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმასთან, თორნიკე მოლაშვილთან და გიორგი გამცემლიძის მამასთან, ჯამბულ გამცემლიძესთან ერთად.

„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ ამ თემაზე მექნებოდა სალაპარაკო. დღეს განადგურებული ოჯახების მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი. ძალიან გადავიღალეთ, მთელი საქართველო და საზოგადოება არის გადაღლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილით, ისევ სააკაშვილზე ლაპარაკით და ეს უკვე არის გაუსაძლისი.

აქამდე მესმოდა, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს, სააკაშვილის გამოშვება უნდათ. წარმოუდგენელია ეს ჩემთვის და დღემდე არ მინდა, დავიჯერო, რომ ქალბატონი სალომე აპირებს მის შეწყალებას. სწორედ ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ აქ და მინდა, მას მივმართო, ვახმაურებთ ხალხის ნებას და ხალხის სურვილს, რადგან უამრავი ადამიანი მიკავშირდება, მთხოვს, რომ გავაჟღერო ეს ყველაფერი. ჩვენ ხვალ, 15:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლესთან. სააკაშვილის რეჟიმის შედეგად ძალიან ბევრნი ვართ დაზარალებულები და შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლესთან, მივაწვდინოთ მოქმედ პრეზიდენტს ჩვენი ხმა.

მინდა, სალომე ზურაბიშვილს შევახსენო მისი სიტყვები. სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ არ შეიწყალებდა სააკაშვილს და რომ ირინა ენუქიძის თვალები თვალწინ ედგა. ხვალ შეკრების მიზანი იქნება, რომ ეს შევახსენოთ. სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. მინდა, შევახსენო მასაც და სრულიად საქართველოს, ის არის საშიში, დიდი მტერი, მას ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია, მთავარია, აქედან გააღწიოს, მერე ნახავთ, რას იზამს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, ხვალინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილს შეახსენებენ, როდესაც ის პრეზიდენტად მოდიოდა, რას დაჰპირდა ხალხს.

„ადამიანი როცა რაღაცას დააშავებს და ბოდიშს მოიხდის, ქრისტიანები ვართ ყველანი და მივუტევებთ ყოველთვის. მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, – მაპატიეთ, ხალხო, თუ რამე შემეშალა? კონკრეტულადაც რომ არ ყოფილიყო საუბარი, ვინმეს ასე უთხრა?

ნორა კვიციანს ერთი ხმა არ ამოუღია, ისე იჯდა ციხეში ექვსი წელი. შეადარეთ ნორა კვიციანის ციხეში ყოფნა და სააკაშვილის. გაიხსენეთ ჩემი ძმის სურათი, ორ თვეში ჩემს ძმას რა გაუკეთეს, მთასავით კაცი ორ თვეში რას დაამსგავსეს, კაცი ჯურღმულში ჰყავდათ ჩაგდებული, არ იცოდა, დღე იყო, ღამე იყო. თავად ფრჩხილებს არ იჭრის და ტანს არ იბანს, სპეციალურად ქმნის ასეთ რაღაცას.

ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ პირობას ვაძლევ, სისტემატური აქციები კი არა, პრეზიდენტის სასახლესთან ვიცხოვრებთ“, – განაცხადა მოლაშვილმა.