ია მეტრეველი - რუსთაველი არის ადგილი, სადაც ვიბრძვით სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის, მაგრამ რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას
ია მეტრეველი - რუსთაველი არის ადგილი, სადაც ვიბრძვით სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის, მაგრამ რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას

რუსთაველი არის ადგილი, სადაც ვიბრძვით სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის, მაგრამ რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თითოეული თქვენგანის სახე ჩემთვის ნაცნობია. იმდენი წელი ვიდექით ერთად ბოროტი რეჟიმის, იმ საშინელების წინააღმდეგ. ისეთი ძვირფასები ხართ ჩემთვის, რამდენი წელი ვიდექით ისე, რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდილა ჩვენი დგომით და თვითონ როგორ გაგვანადგურეს 7 ნოემბერს. ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით, თავისივე ხალხის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია. ვერც ვუყურებ იმ კადრებს, 7 ნოემბრის მონაწილეც ვარ და თუ რამე ხდებოდა, 9 აპრილიდან მოყოლებული აქ ვიდექი. ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ვიბრძვით მთელი ცხოვრება სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც მიხეილ სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას. ეს სისხლიანი მკვლელი, როგორ არის ცოცხალი საერთოდ და როგორ უყურებდა ფანჯრებიდან როგორ აწამებდნენ, ჟლიტავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და როგორ უსწორდებოდნენ მოსახლეობას.

პირდაპირ ვამბობ, არ ჩამომართვათ სიბნელეში, ესენი არიან ბოროტების, ეშმაკის მოციქულები, სატანის მიმდევრები, მაგათგან ღმერთი ძალიან შორს არის. მინდა, ამ დღეს, პირველ რიგში, ჩვენი სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოვხატო სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაღუპული ხალხის მიმართ. წუთიერი დუმილი მივაგოთ იური ვაზაგაშვილიდან დაწყებული, ბუტათი დამთავრებული, როგორ გაანადგურეს ისინი და კობა დავითაშვილით დამთავრებული, ეს გმირი ადამიანი. მოხარული ვარ, რომ მას გადაეცა ღირსების ორდენი და მისი შვილები ამით იამაყებენ“, – განაცხადა მეტრეველმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია.

მინდა, ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება. ამდენი წელია, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ. როგორც კი რამეს გაბედავენ, ყველამ მიიღოს საკადრისი პასუხი, დამთავრდა მაგათი დრო. აიკრძალონ როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც ფაშიზმი აიკრძალა. როდემდე გავუძლოთ, ქვეყანა წინ ვერ მიდის, ხელისუფლება იმაზე ვეღარ ფიქრობს, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.