პროკურატურის წარმომადგენელი - მთავარი პროკურორი მზად არის, ზაზა სარალიძის ყველა კითხვას უპასუხოს, გვაქვს სხვა შეთავაზებებიც, რომელზეც ბრიფინგზე ვისაუბრებთ
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოკლულ ერთ-ერთ არასრულწლოვნის მამასთან აქვთ შეთავაზებები, რომელზეც საჯაროდ, დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
ნათია სუხიაშვილმა ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა მოკლულის მამისგან უარი მიიღო.
„ჩვენი შეთავაზება მაინც ძალაში რჩება და ველოდებით თქვენგან პასუხს. რაც შეხება ოფიციალურ განცხადებას, მთავრი პროკურატურა სთავაზობს დაზარალებულ მხარეს დიალოგს. ვთავაზობთ, რომ შემოვიდეს შეხვედრაზე. საქართველოს მთავარი პროკურორი სამუშაო ჯგუფთან მზად არის, გასცეს მის ყველა კითხვას პასუხი და გვაქვს ასევე სხვა შეთავაზებები, რომელზეც ბრიფინგზე ვისაუბრებთ.
ბრიფინგი გაიმართება დღეს. დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაზარალებული, ისურვებს თუ არა მთავარ პროკურორთან შეხვედრას და მხოლოდ ამის შემდგ გადავწყვეტთ ბრიფინგი რომელ საათზე ჩაინიშნება“,- განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
ზაზა სარალიძე ითხოვს, ირაკლი შოთაძემ საჯაროდ გასცეს მის კითხვებს პასუხი.
ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზეა დაგეგმილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.