პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაც არის ნახსენები
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერში, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაც არის ნახსენები.
დაცვის თანამშრომელი ამბობს: „საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?“
გიორგი დგებუაძე კი პასუხობს: „ჟვანიაზე… გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!“.
პროკურატურის ცნობით, ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალსაა გაკეთებული.
ჩანაწერის თანახმად, გიორგი დგებუაძე დაცვის თანამშრომელს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრება.
საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.