პროკურატურა უარყოფს, თითქოს „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და აცხადებს, რომ გუშინდელ ბრიფინგზე რამდენიმე ახალი ფაქტი დასახელდა
პროკურატურა უარყოფს, თითქოს „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და აცხადებს, რომ გუშინდელ ბრიფინგზე რამდენიმე ახალი ფაქტი დასახელდა

საქართველოს პროკურატურაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატ ზვიად კორძაძეს პასუხობენ. როგორც პროკურატურაში პირველ არხს განუცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება ზვიად კორძაძის ბრალდება, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ასახელებენ ახალ ფაქტებს, რომელთა შესახებაც გუშინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით:

1) დავალიანების მქონე კომპანიას მისცეს ახალი სესხი.

„თიბისი ბანკის“ მიმართ დავალიანების მქონე კომპანიებს სესხი ჩამოეწერა, თავმდებ პირებს არ მოეთხოვათ თანხის ანაზღაურება და მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი მ“-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, „თიბისი ბანკი“ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას. მეტიც – 2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

2) ოფშორული კომპანია:

„თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.

ოფშორულ კომპანიას წარმოადგენდა პ.ღ. რომელიც „სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას, იკავებდა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად „სამგორი მ“-ისა და „სამგორი თრეიდისა“, აიღო „თიბისი ბანკისთვის“ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ, წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად, „თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

3) ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ამ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანისთან მომსახურების გაწევაზე, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.

ბრიფინგი პროკურატურაში გუშინ გაიმართა, სადაც ვიდეოსქემაც გაასაჯაროვა.

ამასთან, გუშინ ზვიად კორძაძემ სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. მისი თქმით, პროკურატურის ბრიფინგზე ახალი გარემოებები არ დასახელებულა და საქმე ეხება არა გამჭვირვალე გამოძიებას, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას.