საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის

მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის. ასევე, განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ, ოლივიე ლეფებვრიმ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისთანავე საფრანგეთისა და ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა ოფისმა შუამდგომლობით მიმართა ევროპულ სააგენტოს, „ევროპოლს“ და გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე „ევროჯასტისა“ და „ევროპოლის“ ხელმძღვანელობით სამართლებრივი ჯგუფისა და ერთიანი ევროპული საგამოძიებო გუნდის შექმნა მოითხოვა.

ოლივიე ლეფებვრის განცხადებით, ერთობლივი საგამოძიებო გუნდის შექმნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა.

„მადლობა ჩემს კოლეგებს შვეიცარიიდან, ლიეტუვიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ ერთობლივ საგამოძიებო პროცესში“, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ.

საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.