პროკურატურამ ზუგდიდში ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ზურაბ მახარაძეა
პროკურატურამ ზუგდიდში ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ზურაბ მახარაძეა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი „ალტ-ინფოს“ წევრი ზურაბ მახარაძეა.

ბრალდების წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, თუმცა განცხადებაში იმ პირთა ვინაობა, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ ბრალდება წარუდგინა, დაკონკრეტებული არ არის.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა – ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.