პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ პატიმრობას მოითხოვს
მიმალვაში მყოფ პირს თუ სასამართლო შეუფარდებს პატიმრობას და ამ პერიოდში ვერ მოხდება მისი დაკავება, პატიმრობის შეფარდებისთანავე მასზე ძებნა გამოცხადდება, – ამის შესახებ პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობებს შეიტანენ.
„მიმალვაში მყოფი პირის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, რომელიც კანონმდებლობით ასეა გაწერილი, მოხდება მისთვის აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა. თუ სასამართლო შეუფარდებს მას პატიმრობას და ამ პერიოდში ვერ მოხდება მისი დაკავება, პატიმრობის შეფარდებისთანავე მასზე გამოცხადდება ძებნა. დღეს შევიტანთ შუამდგომლობებს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე“, – განაცხადა ზაზა დათუკიშვილმა.
თბილისის პროკურატურამ ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.