პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიან გირაოს და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიან გირაოს და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ ნახევარმილიონიანი გირაოს გარდა, საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე განცხადებით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ავთანდილ წერეთლის ბრალეულობას.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომლის საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება, ასევე არის „თიბისი ბანკის“ თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. სათითაოდ, დეტალურად ამ ჩვენებებს ახლა ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო,  რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).