პროკურატურა - 171 დაზარალებულ მოქალაქეს ქონება დაუბრუნდა, 62 ადამიანის მიმართ კი უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯა 
პროკურატურა - 171 დაზარალებულ მოქალაქეს ქონება დაუბრუნდა, 62 ადამიანის მიმართ კი უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯა 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და მისი მოადგილე კოკა კაციტაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დისკუსიის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ნადარეიშვილმა დეპარტამენტის საქმიანობის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ათასობით საჩივარი შევიდა და სისტემატიზაციის შემდეგ, სწორედ ეს საჩივრები გადაიგზავნა ახალ დეპარტამენტში.

მისი თქმით, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 171 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, 62 ადამიანის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯა და ეს პროცესი გრძელდება.

კოკა კაციტაძის თქმით, საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოხატავს, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება, დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენა და პროკურატურა ამ პროცესში არის გამჭვირვალე და ღია.

ამასთან, მთავარი პროკურატურის ინიციატივით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მუშაობს. მასში საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შედიან.

მონიტორინგის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ცალკეული რეკომენდაციები გასცა.