პროფკავშირების ინფორმაციით, დარკვეთის მაღაროში უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იყო
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშის მხრიდან დაშვებული გადაცდომა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პაატა სამხარაძემ განუცხადა.
სამხარაძის თქმით, 29 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი თქმით, მამაკაცი იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყო.
„სავარაუდოდ, დაუდევრობა მოხდა. მეორე მხრივ, ადგილი აქვს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ვინაიდან სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის არ იყო დატოვებული საკმარისი მანძილი“, – განაცხადა სამხარაძემ.
პროფკავშირის აღნიშნულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“.
კომპანიის პრესსპიკერის, აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, მომხდარი შემთხვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირების მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება გამოძიების დასრულებამდე არაკომპეტენტურია.
„კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. უბედური შემთხვევა არ უკავშირდება მაღაროში არსებულ მთავარ რისკს, რაც არის კედლებისა და მიწის წამოშლა. ნამდვილი მიზეზი გაირკვევა გამოძიების დასრულების შემდეგ. ამასთან, მიმდინარეობს პარალელური მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია საწარმოს ადმინისტრაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებით“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა.
მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.