პროფკავშირების გაერთიანება - მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და არის ფუნდამენტური უფლების, ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა, – ასე აფასებს პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას საგანგაშოდ მიიჩნევს. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ დასაქმებულებს გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება მიეცეთ, როგორც ამას შრომის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.
პროფკავშირების გაერთიანება გეგმავს, უახლოეს მომავალში მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შრომის კანონმდებლობაში გაფიცვის შემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, საჩივრით მიმართავენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს.
„გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უკიდურესად ზღუდავს მას, რამდენადაც ის ფაქტობრივად დასაქმებულთა უმრავლესობას გაფიცვის უფლების გარეშე ტოვებს. მით უმეტეს, რომ თავად გაფიცვის უფლების მოპოვება, თავის მხრივ, უკავშირდება წინმსწრებ სავალდებულო შემათანხმებელ პროცედურებსა და მედიაციას, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული უფლების რეალიზებას. ამ ფონზე კი სასამართლოს კვლავ აქვს შესაძლებლობა, გადადოს ან შეაჩეროს კანონიერი გაფიცვა.
ამგვარი რეგულირება წარმოადგენს პროფკავშირების მუდმივი კრიტიკის საგანს, მათ შორის შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.
პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე, 2013 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა, რომელმაც მოიცვა ისეთი დარგები, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ფაქტობრივად, აუკრძალა გაფიცვა დასაქმებულთა უმრავლესობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, შრომითი უფლებების დაცვის ყოველგვარი ალტერნატიული, გაფიცვის უფლების შეზღუდვის სანაცვლო საკომპენსაციო მექანიზმების გარეშე, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა.
იგივე ეხებათ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ დაწესებულებებში, რომლის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა, არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ამგვარ სამსახურებში და იძლევა დასაქმებულთა გაფიცვის უფლების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის საშუალებას“, – აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროფკავშირების კრიტიკას სრულად იზიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ შენიშვნებს სისტემატურად ასახავს ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორს 2018 წლის ანგარიშშიც.
„ანგარიშში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სახელმწიფოს მიუთითებს, რომ შეცვალოს შრომის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა დავიწროვდეს და მან მოიცვას ასეთი საქმიანობები ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. განიმარტოს რომელი სამსახურებია, სადაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია პროცესის შეჩერება და იქ, სადაც გაფიცვის უფლების შეზღუდვის ამგვარი წინაპირობა არსებობს, დასაქმებულებს არა სრულად აეკრძალოთ გაფიცვა, არამედ სამსახურებში შენარჩუნდეს მინიმალური მომსახურების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას.
კომიტეტი, პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით, ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, სოციალური პარტნიორების ჩართულობით, შეცვალოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია გაფიცვისა გადადება ან შეჩერება, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას“, – აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.