პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სია პირველ ოქტომბერს გახდება ცნობილი
პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სია პირველ ოქტომბერს გახდება ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ რა ნორმით მიიღებს მონაწილეობას, ამ საკითხზე წილისყრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს არის ჩანიშნული სხდომა, სადაც უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი კანდიდატებისა და იმ კანდიდატთა საარჩევნო ნომრები, რომელთა წარმდგენ პარტიებსაც ამ დრომდე რიგითი ნომერი არ მოუთხოვიათ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა.

ოფიციალური ინფორმაციით, ცესკო-ში სულ პრეზიდენტობის 46 მსურველია დარეგისტრირებული. მათგან 19 პოლიტიკური სუბიექტისა და 27 საინიციატივო ჯგუფის მიერაა დასახელებული.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კანდიდატების მხარდასაჭერად ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 18 სექტემბერს უნდა წარუდგინონ.

უკვე 28 სექტემბრიდან პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო-ს თავმჯდომარე.

რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში ანუ პირველი ოქტომბრის ჩათვლით პრეზიდენტობის კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აძლევს შესაბამის მოწმობას და კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირებულად ითვლება. უკვე 4 ოქტომბერს კი ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მითითებით.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი