ცესკო-მ საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ონლაინმედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიახლეებზე, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე ონლაინმედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ცესკო-ს ორგანიზებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოში IFES-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით ღონღაძემ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში, ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, ელექტრონული არჩევნების უპირატესობები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ინფორმირების კამპანია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის და ა.შ.
გაიმართა აქტიური დისკუსია, მხარეებმა ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლები პირადად გაეცნენ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში.
მედიასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა 16-17 ივლისს თელავში გაიმართა და მას ონლაინმედიის 23 წარმომადგენელი დაესწრო.
ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.