გიორგი კალანდარიშვილმა ჩინეთის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა
გიორგი კალანდარიშვილმა ჩინეთის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.