პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, სოფელ ჭელაში ბიბლიოთეკა გაიხსნა
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ბიბლიოთეკა გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერა.
გიორგი აბაშიშვილმა, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრა.
როგორც აბაშიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, სარეზერვო ფონდი ბიბლიოთეკას დამატებით სახელმძღვანელოებით დაეხმარება, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად ესაჭიროებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სოფლებში მსგავსი ჩართულობის ცენტრების არსებობა, ვინაიდან ეს არის საშუალება ახალგაზრდებისთვის, მიიღონ დამატებითი განათლება, ასევე მოეწყოს დისკუსიები სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიბლიოთეკას დავეხმარებით სხვადასხვა ლიტერატურით, რომლებიც ძირითადად შეეხება იმ საგანმანათლებლო საჭიროებებს,რომლებიც აუცილებელია აქ მცხოვრები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას თემის უხუცესი და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობა ესწრებოდა.