ივანე მაჭავარიანი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძველი სახით აღარ უნდა არსებობდეს, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება
ივანე მაჭავარიანი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძველი სახით აღარ უნდა არსებობდეს, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები შეიცვალა, ნაწილობრივ შემცირდა კიდეც და მიგვაჩნია, რომ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის ფონდი არ არსებობდეს იმ ფორმით, როგორც იყო, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

„ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს. თუმცა ვიცი, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და რა სახით ჩამოყალიბდება ეს ნაწილი, საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა, იმ სახით არ უნდა იყოს. როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამას აღიარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ამ მიმართულებითაც ველოდებით ხარჯების შემცირებას და ვფიქრობ, ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, იქნება ეს დანახარჯები დაწყებული შენობის შენახვით, ასევე ადმინისტრაციის და მივლინების, იქაც ადეკვატური უნდა იყოს საშტატო ნუსხა და სხვა ხარჯები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების საკითხს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხიც სავარაუდოა.

„ამ ეტაპზე ეს სავარაუდოა, შეიძლება თეორიულად მოიმატოს, რამდენიმე ადამიანი დააკლდეს, ეს დეტალებია, მაგრამ პრინციპი ის არის, რომ უნდა მოხდეს ხარჯების ადეკვატურობა და თანაზომადობა ფუნქციებთან, რაც პრეზიდენტს დაეკისრება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.