ცხრა თვის მონაცემები - რაში იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
ცხრა თვის მონაცემები - რაში იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის 9 თვეში გამოყოფილი თანხების მოცულობამ 4.5 მილიონი ლარი შეადგინა, გაწეულმა საკასო ხარჯმა კი, 3,9 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ფონდიდან თანხები ძირითადად საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებზე იხარჯებოდა.

მაგალითად, 240 ათასი ლარი გამოიყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტის „ინიციატივა: აქტიური ახალგაზრდობა – უკეთესი საზოგადოება“  განხორციელებისთვის; 182 ათასი ლარი – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ განხორციელებისთვის; 89,9 ათასი ლარი – ა(ა)იპ  მოითხოვე ქართულის პროექტის „ქართული მცირე და საშუალო წარმოების საინფორმაციო საგანმანათლებლო მხარდაჭერა“ განხორციელებისთვის; 123 ათასი ლარი – ა(ა)იპ – ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრის პროექტის, „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევების ამოცნობა და პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა ბავშვებსა და მოზარდებში“ განხორციელებისთვის ; 104 ათასი ლარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტის „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ უცხოელი პროფესორების აკადემიური და სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება საქართველოში“ განხორციელებისთვის.

649 ათასი ლარი დაიხარჯა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების, აგრეთვე 25-26 მაისს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის.

6 ათასი ლარი გამოიყო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის.

სარეზერვო ფონდიდან თანხები აგრეთვე გამოიყო უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, კულტურის სამინისტროების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისთვის, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა აღარ გამოიყოფა.