საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი მონაწილეობდნენ, იმსჯელეს კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.
პრემიერის დავალების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც დროში გაწერილი გეგმა მომზადდება, პრიორიტეტები, თვისობრივად სხვა დონეზე, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯერ კიდევ, სპორტული აქტივობების მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც არ არის. ეს მაჩვენებელი დღეიდან 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და ევროპულ მაჩვენებელს მივუახლოვოთ. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. ქვეყანაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შესაქმნელი კაპიტალური დანახარჯები, არამედ ეს აისახება მათ შორის სოციალურ მუხლებში, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე უკვე ბევრი აქვს ნამუშევარი ზოგიერთ უწყებას, მათ შორის თბილისის მერიას, სპორტისა და კულტურის, განათლების სამინისტროებს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ასევე კარგი ინიციატივები აქვთ მომზადებული ცალკეულ ფრაქციებს, კერძოდ ფრაქციას – „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ და ა.შ.