ბიძინა გეგიძე - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა მაძლევს იმედს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება
ბიძინა გეგიძე - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა მაძლევს იმედს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა მას აძლევს იმედს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

“ძალზე პოზიტიური ინიციატივაა, მითუმეტეს ჩვენი ფრაქციისთვის-ფრაქციას „ძლიერი საქართველო“ ამ მიმართულებით კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა მაძლევს იმედს, რომ პროცესი იქნება პოზიტიური და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც დაასახელა  პრემიერმა. დღეს ჩვენ ჩამოვრჩებით იგივე ევროპულ სტანდარტებს, იქ გაცილებით მაღალი პროცენტი ფიქსირდება ადამიანებისა, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდობას ალტერნატივა უნდა ჰქონდეს. ეს იქნება კლუბური ცხოვრება, გართობა კლუბური ცხოვრების საშუალებით, იგივე კომპიუტერულ სივრცეში ბევრი დროის ხარჯვა, უნდა იყოს ალტერნატივა ჯანსაღი სივრცე. ამ სივრცეში სპორტი იქნება ერთ- ერთი. ი ქ უნდა იყოს ურთიერთობები, კომუნიკაცია ერთმანეთთან, თვითრეალიზაცია, ახალ სამეგობრო ჯგუფებთან კონტაქტის დამყარება. მე პირადად, ჩვენი ფრაქცია, მაქსიმალურად დეტალურად ჩავერთვებით იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც დღეს გადაწყდა რომ შეიქმნება, რათა კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს ეს და არა თეორიულად პროგრამებსა და სტრატეგიებში“,- განუცხადა პირველს ბიძინა გეგიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჯანსაღი წესის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

როგორც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დღეიდან სამი წლის განმავლობაში სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი უნდა გაორმაგდეს.