თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარი გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება
თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარი გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება

თბილისის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

თანხა დედაქალაქში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 30 მილიონი ლარით გაზარდოს ტრანსფერი თბილისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა მოხმარდება თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას. ეს პროგრამა გაწერილი იყო და უნდა დასრულებულიყო შემდეგი 2 წლის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი შედეგები გვაქვს ბიუჯეტის შესრულების კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება წელსვე დავაკორექტიროთ ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება დაიწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება“, -აღნიშნა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, პროექტირების შემდეგ, დაიწყება სპორტული ობიექტების მშენებლობა, რაზეც თანხა მომდევნო წლებში გამოიყოფა. თბილისის გარდა, საუბარია რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზეც.

აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.