პრემიერი განცხადებას ხვალ გააკეთებს - რა ცვლილებები იქნება საქართველოს მთავრობაში
საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.
პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
ამასთან, მთავრობაში ცვლილებების პარალელურად შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცველთა ქმედებების მართლზომიერებას გამოიძიებს.
რაც შეეხებათ მინისტრებს, პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.
ეკონომიკის მინისტრად სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.
ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება. ვრცელდება ინფორმაცია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის შესახებაც.