პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს უმასპინძლა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

20-კაციანი ჯგუფი ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქართულ წარმომადგენლობებს ესტუმრნენ.

მათ ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე მიიღეს ინფორმაცია, რაც მოგვიანებით უკვე პანკისის ხეობის სკოლებში უნდა დანერგონ და საკუთარ აღსაზრდელებს გააცნონ.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, პანკისელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ქვეყნის მთავარ ვექტორზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

„მე მართლაც სავსე ვარ შთაბეჭდილებებით, რომლებიც მათ გაგვიზიარეს. ჰქონდათ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, გადაეცათ სერთიფიკატები. ჩვენი მხრიდან ეს არის მადლობის ჟესტი მათი ჩართულობის გამო. პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშუალო შეხება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან, ახალგაზრდებთან, პატარებთან. ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის მთავარი პრიორიტეტია საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული იმ მთავარი ამოცანების გარშემო, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც პედაგოგმა ნაზი ბორჩაშვილმა განაცხადა, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბრიუსელში მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად გამოიყენებენ.

„რაც მოვისმინეთ, ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო. გვქონდა თეორიული განათლება, ახლა კი ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ. ამ ყველაფერს მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენებთ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოვიღეთ. თითქმის ყველაფერი ჩავიწერე რვეულში, გადავიღე ვიდეო-ფოტო მასალა. რესურსი მაქვს, რომ სადაც შევალ, ყველგან ვაჩვენო და თან ავუხსნა“, – განაცხადა ნაზი ბორჩაშვილმა.